პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.
"ძალიან დიდია პოტენციალი, რომელიც აქვს დასავლეთ ევროპის, ზოგადად ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნების ვაჭრობაში. ეს განსაკუთრებულად დიდი ბრუნვაა. ასეთ დროს, ახალი არქიტექტურის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ამ ფონზე, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში, მთავარი აქტორის - ჩინეთის სახელმწიფოს მონაწილეობა და მათთან ასეთ უმაღლეს რეგისტრში თანამშრომლობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის ამბავი, რომელიც საქართველოსთვის სრულიად ახალ ჰორიზონტებს აჩენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას შესაძლოა ჰქონდეს გაცილებით მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.