26 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა შემთხვევით ხომ არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან - დაუშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს პოლიტიკოსები აფასებენ, ოპოზიციის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებამ შესაძლოა უკვე ძველ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობა დააზიანოს.

ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ განმარტებებს ითხოვენ, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა. უმრავლესობა კი თვლის, რომ პრემიერის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისეთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან, როგორიც ჩინეთია, საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა, ახალ შესაძლებლობებს იძლევა.


"ჩინეთი არის უზარმაზარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ რა თქმა უნდა ეკონომიკური თანამშრომლობა გვჭირდება და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს ძალიან დიდი პრივილეგია აქვს, რომ ვაჭრობის თავისუფალი შეთანხმება აქვს ჩინეთთანაც და აქვს ევროკავშირთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება. პირველი არის ის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა შემთხვევით ხომ არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან, აშშ-სთან, რომლებთანაც ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები განმტკიცებული გვაქვს კონსტიტუციით", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განმარტებით, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების აყვანა სტრატეგიულ პარტნიორობამდე სცდება, როგორც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას, ასევე პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია.

"ჩინეთსა და საქართველოს აქვს 2015 წლიანი ვაჭრობის შეთანხმება და ეკონომიკური ურთიერთობები, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობამდე ამ ურთიერთობების აყვანა სცდება, როგორც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას, ასევე პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციას, რაც ნიშნავს იმას, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში პარლამენტს არ დაუკვეთია მთავრობისთვის ამგვარი რამ. შესაბამისად, მოცემულობაში როდესაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მიღმა არის ეს პროცესი და არ ვიცით რაზეა საუბარი, გამიჭირდება რამის თქმა. თუმცა, სადეპუტატო კითხვა გაგზავნილი მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან და არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების ჯგუფთან ერთად ინტერპელაციაზე მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

 

დღის ამბები