06 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
რა კავშირი აქვს დონალდ ტრამპის მიმართ წარდგენილ ბრალს ქართულ პოლიტიკასთან - "ოცნება" პარალელს 2020 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან ავლებს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დღევანდელმა ბრალმა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება, პარლამენტის თავმჯდომარეს 2020 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გაახსენა. შალვა პაპუაშვილმა "კურიერთან" დეტალურად ისაუბრა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე, რომელიც ორგანიზაციამ ხარვეზით შეასრულა.

ISFED-მა ე.წ. PVT-ის შედეგები 2020 წლის 1 ნოემბერს წარადგინა. ორგანიზაციაში მაშინ თქვეს, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლებში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები უწოდეს. გაირკვა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები შეცვალა. ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარშემო უთანხმოება პირველად მას შემდეგ დაიწყო, როცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ორგანიზაცია და ოპოზიცია პარალელური შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. შიდა აუდიტის ჩატარებისა და საკითხის შესწავლის შემდეგ, ორგანიზაციამ შეცდომა აღიარა და აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. დაშვებული შეცდომის შესახებ საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირებაზე პასუხისმგებლობა გამგეობამ სწორედ მას დააკისრა.

ამ ამბის დღეს გახსენება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბრალის კონტექსტში, ოპოზიციის აზრით, მმართველი პარტიის მხრიდან არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის მცდელობაა.

პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი პარალელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა მიმდინარე და 2020 წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შორის ავლებს

მმართველ გუნდს არარელევანტურობაში ადანაშაულებს საპარლამენტო ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ მმართველი პარტია 2020 წლის მოვლენებს დღეს არსებული პრობლემების გადასაფარად იყენებს.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციამ "სამართლიანი არჩევნების" მიერ გაყალბებული შედეგები მიზანმიმართულად გამოიყენა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. "ქართული ოცნების" ლიდერები ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და მისი დონორების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და ორგანიზაციის გამგეობის იმ განცხადებას იხსენებენ, რომლის მიხედვით - ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებსაც.

2020 საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საარჩევნო ბარიერი კი, საბოლოოდ, 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

დღის ამბები