15 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს იმ ადამიანების ძებნა, ვინც არ გამოსულა კავშირზე - ირაკლი ბერაია

სტიქიის ზონაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებიან. დეპუტატების განცხადებით, შოვში საკმაოდ მძიმე სურათია. მათი თქმით, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომლის თავიდან არიდება არ იყო შესაძლებელი.

კანონმდებლების თქმით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეების დასახმარებლად. პოლიტიკოსებს კი მოუწოდებენ, შეწყვიტონ თემით სპეკულირება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს იმ ადამიანების ძებნა, ვინც არ გამოსულა კავშირზე.

"რთულია მოძებნო სიტყვები ამ მძიმე წუთების აღსაწერად, გასაზიარებლად, რომელიც აქვს დაღუპულების ოჯახებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, ნაპოვნი არის შვიდი დაღუპულის ცხედარი. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს და ამ მძიმე წუთებში ვართ მათთან ერთად. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს იმ ადამიანების ძებნა, ვინც არ გამოსულა კავშირზე. პრემიერ-მინისტრმა მიიღო თავდაცვის ძალების ჩართულობის გადაწყვეტილება.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან შემაშფოთებელი და ამაზრზენია ის რიტორიკა, რომელსაც ავრცელებენ უპასუხისმგებლო პოლიტიკური სუბიექტები და ნაცვლად იმისა, რომ ამ დროს დადგნენ ოჯახების გვერდით, დადგნენ სახელმწიფოს გვერდით ეს ადამიანები პირდაპირ ხდებიან სტიქიური უბედურების, ტრაგედიის მოკავშირეები. დაუშვებელია ადამიანის ტრაგედიაზე და უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაშენება", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახლა პოლიტიკური ბრალდებების დრო არ არის და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაკარგული ადამიანების პოვნა მოხერხდეს.

"არსებული ვითარების გათვალისწინებით იქ შეუძლებელია ვერტმფრენისთვის რაიმე სამუშაოს შესრულება დაკარგულთა ძებნის თვალსაზრისით. უბრალოდ არ არის ეს სპეციფიკა, რომლის გათვალისწინებითაც შეიძლება ვერტმფრენმა რამე შეასრულოს, ან გუშინ შეეძლო შეესრულებინა. აქედან გამომდინარე ამ აჟიოტაჟებზე, რომელსაც გარკვეული პოლიტიკოსები ცდილობენ, შემოიტანონ დისკუსიის საგნად მგონი ამის დრო არ არის. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე რა შეიძლება გავაკეთოთ დაკარგული ადამიანების გადასარჩენად ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაი ბითაძე, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს შეწყვიტონ ადამიანების ტრაგედიით მანიპულირება და გაიაზრონ ის შემთხვევა, რომელთან გამკლავებაც დღეს ხელისუფლებას უწევს.

"გეოლოგებისგანაც მივიღეთ შეფასება, რომ ამ მასშტაბის და ტიპის ბუნებრივი კატასტროფა შოვის ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა, ეს უცხოა ამ ტერიტორიისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ვიყოთ ფრთხილად სამომავლოდ, რათა მეტი ზიანი არ მივაყენოთ გარემო.

კარგად უნდა გავიაზროთ რას ნიშნავ კლიმატის ცვლილება და მოვუწოდებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების ტრაგედიით იმანიპულირონ, შეეცადონ აღიქვან ის პრობლემები რასთან გამკლავებაც დღეს ჩვენ გვიწევს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები