19 სექტემბერი 2024,   19:11
ვრცლად
შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს კოტეჯები არის აშენებული გასულ საუკუნეში - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს კოტეჯები არის აშენებული გასულ საუკუნეში" - ამის შესახებ "კურიერს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კურორტი შოვი გასულ საუკუნის 60-იან წლებში დაგეგმარდა, რა დროსაც დაიწყო საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.  

"აღნიშნული კოტეჯების მშენებლობა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. ზოგადად, კურორტი შოვი დაგეგმარდა გასულ საუკუნეში და შესაბამისად, საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაც გასულ საუკუნეში დაიწყო, აბსოლუტური უმრავლესობის აშენება მაშინ მოხდა, მათ შორის ეს კოტეჯებიც. კოტეჯების გარდა იყო ასევე სტიქიის ზონაში და იმ ფართობზე, რომელიც დიდმა ლავამ დაფარა შოვის კურორტის ადმინისტრაციული ცენტრი, ფოსტის შენობა, კინოთეატრი და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს კოტეჯები არის აშენებული გასულ საუკუნეში. ბოლო 10 წლის განმავლობაში არის რამდენიმე კოტეჯზე ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან  ნებართვა, რომელიც ითვალისწინებდა არსებულ ფუნდამენტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. რაც ყველაზე მთავარია, ეს კოტეჯები არის სამშენებლო ზონაში," - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

კითხვაზე, როგორ მუშაობს ოპერატიული შტაბი სტიქიის ზონაში და რა სამოქმედო გეგმა გააჩნიათ მათ - პაპუნა მარგველიძე პასუხობს, რომ დილის პერიოდში ხდება ცნობილი დღის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები .

"საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ყველა ის უწყება, რომელიც არის გაერთიანებული ამ შტაბში, მუშაობს კოორდინირებულად, ურთიერთ შეთანხმებით. დილის პერიოდში ხდება [ცნობილი] დღის განმავლობაში თუ რა გეგმები უნდა განხორციელდეს, იქნება ეს სამაშველო სამუშაოები თუ ინფრასტრუქტურული, და დღის ბოლოს ხდება ამ ყველაფრის შეჯამება. შტაბის უკლებლივ ყველა წევრი ვართ სტიქიის ზონაში და ადგილზე ვართ ჩართული ყველა ღონისძიებებში," - აცხადებს პაპუნა მარგველიძე.

დღის ამბები