კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭოს შეფასებით, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადებული, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ახალი საკონსერვაციო პროექტი ICOMOS-ის მიერ დადებითად შეფასდა.
2023 წლის მაისის ICOMOS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემული პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. კერძოდ, ICOMOS-ის შეფასებით, საკონსერვაციო პროექტი არის დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც სიღრმისეული კვლევების შედეგად განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შემუშავდა. ICOMOS-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსერვაციო პროექტი, მაღალი დონის გამო, შეიძლება საქართველოში ქვის კონსერვატორებისთვის პროფესიული საქმიანობისას ნიმუშად და წანამძღვრად იყოს გამოყენებული.
პროექტი მოიცავს გარემო ფაქტორებისა და ეკლესიის ცოკოლის ქვაზე წარსულში განხორციელებული სამუშაოების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისთვის საჭირო კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ნაბიჯებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.
კვლევები და პროექტირების სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამთავროს მონასტერში ვიზიტის შედეგად დაიწყო და 2022 წელს ჩატარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი იქნა შესაბამისი ბიუჯეტი (47 164 ლარი) და გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს-მ "ძველი გალავანი"," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.