შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, გიორგი გახარიას გუნდი მხარს არ უჭერს, სადაც დღეს განმარტეს, რომ ოპოზიციური პარტია ამ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
როგორც პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, "საგამოძიებო კომისიის ინიციირება ამორალურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" წარმატებით იყენებს ყველა ასეთ შემთხვევას იმისთვის, რომ ოპოზიციას ერთიანად დაარტყას და ერთიანად მოხარშოს".
"კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები არ მიგვაჩნია სწორი, მით უფრო, ამ საკითხის იმ ეტაპზე დაყენება, როდესაც ჯერ კიდევ გარდაცვლილებს ვგლოვობთ.
საგამოძიებო კომისიის ინიციირება მიგვაჩნია, რომ არის ამორალური, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" წარმატებით იყენებს ყველა ასეთ შემთხვევას იმისთვის, რომ ოპოზიციას ერთიანად დაარტყას და ერთიანად მოხარშოს.
საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერა არ არის მიზანშეწონილი, ძალიან მარტივი მოცემულობის გამო - თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ საქმეზე სურდა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და არ სურს პოლიტიკური სპეკულაციები და ერთგვარი პოლიტიკური სარგებლის მიღება ამ ტრაგედიიდან, რატომ არ შეიძლებოდა ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ, რაც ყველა სახვა საპარლამენტო ბერკეტს ამოვწურავდით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.