15 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
კელი დეგნანის მხრიდან დაწუნებული ელექტრონული არჩევნები - არჩევნების შედეგების წინასწარი დისკრედიტაცია, თუ ბრძოლა სამართლიანი არჩევნებისთვის

ვინ როგორ გაიგო ამერიკის ელჩის განცხადება ელექტრონულ არჩევნებზე - "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ აყენებს კელი დეგნანი ეჭვქვეშ ხმის მიცემის ამ მეთოდს მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავად მისცა საქართველოს რეკომენდაცია კენჭისყრის ელექტრონული სისტემა დაენერგა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ამერიკელი დიპლომატის არამეგობრულ განცხადებას, ოპოზიცია სწორედ 2020 წლის მსგავსი სცენარისთვის გამოიყენებს.

ელჩის განცხადება, როგორც ხელისუფლების გაფრთხილება მოსალოდნელ რისკებზე - ასე გაიგეს კელი დეგნანის შეფასებები ოპოზიციაში. ელექტრონულ სისტემას ხელისუფლების ოპონენტებიც წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან, თუმცა ამტკიცებენ. რომ ახალი მექანიზმი არჩევნების შედეგებზე მანიპულირებას ვერ დააზღვევს.

კოლეგების ეჭვები და კრიტიკა გაუგებარია "გირჩის" წევრისთვის. ალექსანდრე რაქვიაშვილი იხსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას, ელექტრონული სისტემის სრულად დანერგვა სწორედ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო და თავადაც დაუჭირეს მხარი.

მმართველი გუნდისთვის კელი დეგნანისა და ოპოზიციის ნაწილის შეფასებები იდენტურია. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია ამ ფორმით საკუთარი მარცხის გადაფარვას შეეცდება. უმრავლესობა დიპლომატს საარჩევნო რეფორმის იმ ქრონოლოგიასაც ახსენებს, სადაც ელექტრონული სისტემის შემოტანა მათი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო.

2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

დღის ამბები