ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, თბილისში, ოპოზიცია ეხმაურება - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ 2030 წელს რომელიმე ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. რაქვიაშვილი ამბობს, როცა ამის დრო დადგება, საქართველოს მოუწევს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროპაში სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების დარწმუნება, რომ საქართველო სრულფასოვანი ევროპული ქვეყანაა.
"ევროპა არ არის ასეთი კონსოლიდირებული ასეთ სრულ საკითხებზე, ამიტომ მე გამიკვირდებოდა პირიქით რომ ყოფილიყო და ყველა შეთანხმებული ყოფილიყო 2030 წელს რომელიმე ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, 30-ში არამგონია ჩვენ გვეხებოდეს ეს და ამის შანსი გვქონდეს, მაგრამ როცა დადგება ჩვენი დრო, ჩვენ მოგვიწევს ბევრი სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც სულ არიან ევროპაში, გაფართოების სკეპტიკოსები და ისინი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ სრულფასოვანი ევროპული ქვეყანა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცნოიბისთვს, ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე.