06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს

უკრაინაში ომის 563-ე დღე კრივი რიჰზე თავდასხმით დაიწყო. შედეგად, დაშავდა 50 ადამიანი, არის მსხვერპლიც. 3 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის რუსეთის თავდასხმას ხერსონის ოლქში, იყო დარტყმები სუმის ოლქშიც. ბოლო კვირაში გაძლიერებული სამხედრო აქტიურობა შეინიშნება რუსეთის მიერ დაკავებული ზაპოროჟიეს მახლობლად, აფეთქებების ხმა ატომური ელექტროსადგურის მახლობლადაც ისმოდა.

კიევი მიიჩნევს,რომ ფრონტის ხაზზე ახლა ინიციატივა მათ ხელშია, გრძელდება კონტრშეტევები. ამასთან გერმანიის, დანიისა და ნიდერლანდების მიერ შეპირებული ლეოპარდის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.

ცნობილი ხდება,რომ უკრაინის შემდგომი დახმარების პაკეტში ამერიკა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებს შეიტანს. ევროკავშირის საბჭომ კი ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთის დამატებით 6 მოქალაქის მიმართ სანქციები დააწესა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი ყოველდღიურ მიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული და უფრო მასშტაბური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული პაუზა ზედმეტად გახანგრძლივდა.

"ამ მომენტისთვის, პარტნიორებისგან ჩვენ ვხედავთ გაგრძელებულ პაუზას სანქციების ნაწილში და იმასაც, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს მათ თავი აარიდოს. საკვანძოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებით თავისუფალმა სამყარომ დამატებითი გადაწყვეტა იპოვოს: რომ სანქციების აღსრულება წარმატებით წარიმართოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისუფალი სამყაროს კომპანიების, ტექნოლოგიების, პროდუქტების გამოყენება თავისუფლების წინააღმდეგ ომში. არსებობს სამი პრიორიტეტი : რუსეთისთვის სანქციების დაკისრების გაგრძელება ენერგეტიკულ სექტორში, ტერორისტებისთვის მიკროელექტრონიკისა და ჩიპების მიწოდების რეალური აკრძალვა და რუსული ფინანსური სექტორის დაბლოკვა. მსოფლიოს სასანქციო იერიში უნდა განახლდეს,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები