07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
"სამი ხიდია წაღებული, ხალხი ვერ მოძრაობს" - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. უხვი ნალექის შედეგად პრობლემები თითქმის ყველა სოფელში შეიქმნა. ადიდებულმა მდინარებმა და მეწყერმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიტბორა სახლები.

"ისეთ ადგილზე მოწყდა მიწა და წამოვიდა, რომ ვერავინ ვერ იფიქრებდა მაგას. დაანგრია ოჯახი, მოიყოლა მოხუცი და დაიღუპა. სამი ხიდია წაღებული, ხალხი ვერ მოძრაობს, გაზი არ გვაქვს, შუქი არ არის ნახევარ სოფელში. ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. იყო გამოსული რაიონის ხელმძღვანელობა, გამოიტანე ერთი ტრაქტორი, მეორე ტრაქტორი და რაც შეეძლოთ, წმენდენ,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავთანდილ მეგრელიშვილი.

"ეს სოფელი მეწყრული დასახლება არ არის, შეიძლება იყოს 1%, მაგრამ მოხდა, რა ვიცი. არ ახსოვს არავის, უფროს თაობებსაც არ ახსოვს, რომ ასეთი რამე მომხდარიყო. ყველანაირი ღონე იქნა მიღებული სტიქიასთან ბრძოლის შესახებ გუშინ, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ და კი ხედავთ აგერ, მუშაობს მძიმე ტექნიკა,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი გოჩა ჯანხოთელი.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.

"უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულია მეწყრული პროცესები. გუშინ საკმაოდ გრძელი და რთული დღე იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, სადაც კი საჭიროებას წარმოადგენდა რომ მივსულიყავით, თითოეულ მოსახლემდე კომუნიკაცია შემდგარი იყო, ყველგან განხორციელდა. გუშინ პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ ეს იყო, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა. ამჟამადაც მიმდინარეობს სამუშაოები. შემდგომ უკვე, ყველა მიმართულებით, მითუმეტეს როცა ვხედავთ, რომ ამინდი გაუარესებულია, მნიშვნელოვანია, ყველგან პრევენცია განვახორციელოთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და გადავიდეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე,"- აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.

დღის ამბები