20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელ საფეხმავლო გზას რეაბილიტაცია უტარდება

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელ საფეხმავლო გზას რეაბილიტაცია უტარდება. ბილიკის სიგრძე 204 კილომეტრია. ეს იქნება საფეხმავლო მარშრუტი, სადაც გათვალისწინებულია ხიდების, მოაჯირების და კლდის საფეხურების განთავსება. გარდა ამისა, სპეციალურად შერჩეულ 7 ლოკაციაზე შენდება მთის ქოხი.
 
მთის ქოხები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში მოეწყობა, ვიზიტორების კომფორტსა და დასვენებაზე იზრუნებს. ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, ჯამში 7 ქოხი ულამაზეს ხედებზე, სტრატეგიულად სწორ ადგილებზე განთავსდება, რათა ტურისტებისთვის მაქსიმალურად საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდეს.

მშენებლობას შვეიცარიული კომპანია ახორციელებს. ქოხები ეკომეგობრული მასალით, ლანდშაფტში მინიმალური ჩარევით და ბუნებასთან მაქსიმალური თავსებადობით შენდება. რთული კლიმატური პირობების გამო, მაქსიმალურად კარგი შედეგის მისაღებად – მშენებელთა ჯგუფი, სპეციალური რეჟიმით მუშაობს.

ბილიკები, რომელთა მოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულდა, სამ დაცულ ტერიტორიას და ორ დაცულ ლანდშაფტს კვეთს: ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი - ერთმანეთს ტურისტული ტრავერსული ბილიკებით უკავშირდება, რაც ჯამში 204 კმ სიგრძისაა. მოეწყობა საინფორმაციო დაფები, მანიშნებელი და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიზანი სამთო ტურიზმის განვითარება და ტურისტული ეკონომიკის მხარდაჭერაა.
 
ჯამში პროექტის ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს. დღეისთვის უკვე 3 ქოხის მშენებლობა, აბუდელაურის ტბებზე, არხოტის თავსა და დათვისჯვარზე დასრულდა. გათვალისწინებული 65 ხიდიდან, 25 დასრულდა, ბილიკების 90% კი - კეთილმოწყობილია.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები