საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - აღკვეთის ამ ღონისძიებას ექვსივე პირის მიმართ პროკურატურა ითხოვდა. არგუმენტი მიმალვის საფრთხე იყო.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები, გლდანში, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმა. მათი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან მოხდა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმება ერთ-ერთი ბრალდებულის, ელგუჯა შუკაკიძის ადვოკატი ია გაბედავა და ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა.
"ჯერ ერთი, თავდასხმა არ ყოფილა, დღეს ორი დაზარალებული დაიკითხა და დღეს თვითონ აღნიშნეს, რომ შეიპატიჟეს. ერთად გაზრდილები, სახლში შეიპატიჟა ბატონი გუჯა და არა არ შემოვალო, თუ რა უნდა გაეკეთებინა?! მე არ ვარ კმაყოფილი, პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა. პირველი - დაზარალებული არ ჰყავს საქმეს, მეორე - საფუძველი: მიმალვის საფრთხე, მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე და მესამე - ახალი დანაშაულის ჩადენა - მტკიცებულება საქმეში არ დევს,"- განაცხადა ადვოკატმა.
საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
"ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ შესაბამისი სტანდარტით დადასტურებულია, რომ სწორედ ბრალდებულების მიერ არის ჩადენილი თავდასხმის ფაქტი. გამოძიება გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, იმისათვის, რომ დადგინდეს თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობის საკითხი. საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას, რა დროსაც, ცხადია, შეაჩერეს,"-განაცხადა პროკურორმა.