ტატო ხუნდაძე პირველი იყო, ვინც გლდანში მომხდარი დაპირისპირების დეტალები სასამართლო პროცესზე გაიხსენა. 6 ბრალდებულიდან დღეს სიტყვით მხოლოდ ორმა ისარგებლა და ინციდენტის პროვოცირებაში "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი", ირაკლი ეძგვერაძე დაადანაშაულა. ტატო ხუნდაძისა და მირიან სვანაძის თქმით, სწორედ ეძგვერაძემ შეიპატიჟა ბრალდებულები მის კუთვნილ ავტოსადგომში, სადაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე კამათი მოჰყვა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო, 6 დაკავებულს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. 3 ბრალდებული პოლიციამ სახელმწიფო საზღვართან დააკავა, თუმცა ადვოკატები პროცესზე ირწმუნებოდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ქვეყნის ფარულად დატოვებას არ გეგმავდნენ.
ექვსივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. უფლებადამცველების თქმით, გლდანში მომხდარ დაპირისპირებას დაზარალებული არ ჰყავს, რადგან მათი თქმით, ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს ამ დრომდე არ დაუსახელებიათ, არცერთი ბრალდებული, ვინც მათ ფიზიკურად გაუსწორდა. თქვეს მხოლოდ ის, რომ დაპირისპირების დროს, დაკავებული პირები შემთხვევის ადგილზე იყვნენ.
დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარის თქმით, დაკავებული პირების ბრალეულობა, მოპოვებული წერილობითი და ვიდეომტკიცებულებებით დგინდება.
გლდანში მომხდარი დაპირისპირებისა და დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებული ძალადობის მიღმა, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" და საკრებულოს დეპუტატ ზარნაძეს ასახელებს. გამოძიებას არ ენდობა "ნაციონალური მოძრაობა", სადაც დამკვეთების ვინაობის გამოვლენას ითხოვენ. პარტიაში ამბობენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკური სარჩული აქვს.
გლდანში მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს მმართველი გუნდი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძეს და ე.წ.ლი კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის კავშირებზე საუბრობენ. "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ ეძგვერაძე, რომელიც შუკაკიძეს და მის გარემოცვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდის მეჯვარეა. ამავე ინფორმაციით, ეძგვერაძე წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გათავისუფლდა, მოგვიანებით კი "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანდა და საკრებულოს დეპუტატი გახდა.
დაპირისპირება გლდანში 3 დღის წინ მოხდა. ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. მათი პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება, დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარი ძალადობის საქმეზე დაკავებული 6 პირის წინა სასამართლო სხდომა კი 16 ნოემბერსაა ჩანიშნული.