თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საზოგადოებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოუდგინა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო რეფორმაზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ მიმართულებაზე. აქცენტი გაკეთდა თბილისის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზეც.
ამასთან, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება ახალი პროგრამა - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ამას გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისათვის შემუშავდა ხელშემწყობი ღონისძიებები. ასევე, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების ფარგლებში, კერძო ინვესტორის მიერ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა IV კატეგორიის ავარიული შენობის ჩანაცვლება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები უკვე შეეხო 17 პროექტს, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 14 000 000 ლარია.