06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
ხმელეთით, ზღვით და ჰაერით, ისრაელი ღაზას სამი მხრიდან უტევს - "ჰამასის" ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბებში იმალებიან, რამდენიმე მათი ლიდერი ლიკვიდირებულია

ისრაელმა ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ღაზაში დამატებითი სახმელეთო ძალები შედიან. ისრაელის ტანკები უკვე ღაზის ჩრდილოეთში განლაგდნენ. ჯარისკაცები შტურმისთვის ემზადებიან.

ხმელეთით, ზღვით და ჰაერით - ისრაელი ღაზას სამი მხრიდან უტევს, სამიზნე "ჰამასია". ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბებში იმალებიან. ღაზის ჩრდილოეთში მიწის ზევით ყველაფერი განადგურდა. ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტიც.

ღაზის სექტორში ქაოსია. მოსახლეობას საკვები ამოეწურა. ათასობით ადამიანი საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქტები გაიტაცა.

ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი აქციები იმართება პალესტინელების მხარდასაჭერად. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში დემონსტრანტები ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

პარალელურად, ანკარა ისრაელს აფრთხილებს. ერდოღანი ისრაელს ოკუპანტს, ნეთანიაჰუს კი ტერორისტს უწოდებს. თურქეთის პრეზიდენტმა პალესტინის მხარდასაჭერად შეკრებილ თანამემამულეებს მიმართა და ისრაელი ომის დამნაშავედ მოიხსენია. პასუხად, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

 

დღის ამბები