საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი დიპლომატები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგნენ. სიმბოლურია, რომ დღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ, სულხან-საბა ორბელიანი საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის იღვწოდა.
მრავალი გამოწვევით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში, განუზომელია ჩვენი დიპლომატების როლი საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვაში. ამასთანავე, სწორედ ჩვენი დიპლომატები უზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართულ სულს, აცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
ძალიან ვაფასებთ დიპლომატების წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და ევროპული მომავლის ხელშეწყობაში.
მადლობას გიხდით თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის და დიდ წარმატებას გისურვებთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში," -წერს შალვა პაპუაშვილი.