27 დეკემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"ძლიერ საქართველოში" შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სიებს ჩახსნიან, სადეპუტატო მანდატებს კი გააუქმებენ - ვისთან ეპატიჟება ხაზარაძის კოალიცია ოპოზიციას

"ძლიერ საქართველოში" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სიებს ჩახსნიან, სადეპუტატო მანდატებს კი გააუქმებენ. ამას, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ გეგმავენ, თუმცა, მანამდე კოალიცია მზადაა საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ერთგვარი განაცხადით გააფორმოს. ამ პროცესში ”ძლიერი საქართველო” სხვა, ზღვარგადალახულ ოპოზიციასაც იწვევს და ფიქრობს, რომ აღნიშნული პოლიტიკური აქტი პრეზიდენტთან შეთანხმებით და ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
”ძლიერი საქართველოს” ინიციატივა, ”ახლებს” და ”ნაციონალურ მოძრაობას” მოსწონს და მზად არიან მას შეუერთდეს. კონკრეტულად როგორ მოხდება პარტიების მხრიდან პოლიტიკური აქტის ერთობლივად განხორციელება, მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ახალსაც" ოფიციალურად განაცხადი სიების ჩახსნაზე უკვე გაკეთებული აქვს, ეს უცნობია - ამაზე ოპოზიციურ ჯგუფებში დღეს არაფერი თქმულა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას, ბარიერგადალახული ოპოზიციიდან განსხვავებულად მხოლოდ გიორგი გახარიას გუნდი აფასებს. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ სიების ჩახსნასა და მანდატების გაუქმებაზე საუბარს ახლა, მათი კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან, მხოლოდ პოპულისტური მიზანი აქვს. გახარიას გუნდი ამ საკითხზე კონსულტაციებს, ამ ეტაპზე გამორიცხავს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი აქვს, მათი განცხადებებიც სიების ჩახსნაზე "ქართული ოცნებისთვის" სწორედ ამაზე მეტყველებს. მმართველი ძალა ხაზარაძის ინიციატივას, ერთობლივი განაცხადის გაკეთების შესახებ, ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ არსებული უნდობლობით ხსნის.

არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების ბოლო ვადა ცესკოსთვის 21 ნოემბერია, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება 10 დღიანი ვადის ათვლა პარლამენტის პირველი სხდომისთვის, სადაც სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის დასწრება საკმარისია ყველა წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის - მათ შორის მათიც, ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიებს სწორედ პირველი სხდომის შემდეგ შეუძლიათ იმ წევრების სია ჩახსნან, რომლებიც პარლამენტარები არ არიან.

დღის ამბები