27 დეკემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - დემონსტრანტები, რომლებმაც ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, ახლა ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ

უკვე 5 საათზე მეტია ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტი ოკუპირებულია. შენობას დემონსტრანტები აკონტროლებენ. ძალოვანმა უწყებამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ჯერ ფანჯრები, შემდეგ კი ცენტრალური კარი გაჭრეს და შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. დემონსტრანტებმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

აქციის მონაწილეებმა დაიკავეს სხვა ე.წ. სამთავრობო შენობებიც, მათ შორის, არაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ასლან ბჟანიას კაბინეტის შიდა სივრცეში აღმართულია ბარიკადებიც. ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობებს ხალხი მართავს. დღეს ძალაუფლებაც მათ ხელში გადავიდა.

სამთავრობო შენობებს გვიან ღამიდან ე.წ. აფხაზური მილიცია და სამხედროები ამაგრებდნენ, თუმცა უწყებებში დემონსტრანტების შესვლის შემდეგ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა აღარ გამოიყენეს და ადგილიდან დემონსტრანტების ტაშის ფონზე გავიდნენ.

პროტესტმა შედეგი გამოიღო. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა შეწყდა. ე.წ. პარლამენტში ჯერ რატიფიცირების პროცესი შეჩერდა, მოგვიანებით კი, ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოოდ გაუქმების შესახებაც. საპროტესტო ტალღა ამ გადაწყვეტილებამ ვეღარ გააჩერა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკვე ასლან ბჟანიას გადადგომა გახდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შექმნილი ვითარების გამო რეზიდენცია დაცვის თანხლებით დატოვეს.

ე.წ. სამთავრობო შენობების დაცვა დე ფაქტო მთავრობამ დილიდან სცადა. ასობით სამხედრო, სპეცრაზმელი თუ მილიციელი მთელ პერიმეტრზე იყო მობილიზებული. ჩააყენეს მძიმე ტექნიკა, მაგრამ დემონსტრანტებმა პარლამენტის ჭიშკრისა და ღობის მონგრევა მალევე შეძლეს. შეტაკების, დაპირისპირების და ხელჩართული ჩხუბის პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად ცრემლსადენ გაზს იყენებდა.

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა. პროტესტის მიზეზი სოხუმსა და მოსკოვს შორის იმ ხელშეკრულების რატიფიცირება გახდა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების პრივილეგიას ანიჭებს.

დღის ამბები