თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგონ და ევროინტეგრაციის პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.
"ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას. გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით, პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.
შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ დროს კი ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს," – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.