09 ივლისი 2024,   02:04
ვრცლად
ისრაელმა, ღაზის მოსახლეობისთვის სამი საათით ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა

"ცახალმა", სამი საათით მორიგი ჰუმანიტარული დერეფანი გხსნა ღაზის მოსახლეობისთვის, რათა ჩრდილოეთში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები სამხრეთ ნაწილში გადასულიყვნენ, ასეთი სულ, გაეროს მონაცემებით 400 000-ია. ამის შემდეგ, ისრაელმა განაახლა ღაზაზე შეტევა ჰაერიდან, ხმელეთიდან და წყლიდან.

პარალელურად, გრძელდება ქუჩის ბრძოლები ჩრდილოეთ ღაზის ქალაქებში ისრაელის არმიისა და "ჰამასის" მებრძოლებს შორის. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ანუ 1 კვირაში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ბრძოლების პარალელურად, ვითარება უკიდურესად კრიტიკულია ღაზაში. იქ რომ ჰუმანიტარული კატასტროფაა ამაზე არავინ დავობს.

ბოლო მონაცემებით, რაც ღაზის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა, უკანასკნელ სარაკეტო იერიშს ღაზის ცენტრალურ ნაწილში ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე, სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად, გაერო-მ გაავრცელა განახლებული მონაცემები, რომლის მიხედვით, მილიონ-ნახევარმა მცხოვრებმა დატოვა სახლები და გახდა ლტოლვილი. მათგან 710 000-ზე მეტი ძირითადად სკოლებს, საავადმყოფოებსა და დროებით ბანაკებს აფარებს თავს. ბევრი მათგანი კი ღამეს ქუჩაში ათენებს. ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ეგვიპტე ისევ უარს ამბობს ღაზის სექტორიდან ლტოლვილების მიღებაზე.
ღაზაში დარჩენილები ჟურნალისტებს იმ უმძიმეს დღეებზე უყვებიან, რომელსაც ახლა გადიან.

"გვეძინა, მე, მეუღლეს, ჩემს ძმებსა და ჩემს ქალიშვილებს, დაიწყო დაბომბვა. ამ დროს, ჩემი ქალიშვილი და ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წავიდნენ. მე აქ დავრჩი, რადგან მთელი ღამე ნანგრევებიდან ცხედრები ამოგვყავს. ბავშვები დაიღუპნენ. ცხოვრება თავდაყირა გვექცა, არ ვიცით რა ვქნათ. ხომ ხედავთ, საკუთარი ხელებით ვცდილობთ ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანას", - აცხადებს ღაზის მცხოვრები შაედ ალ ნაამა.

მსხვერპლია ისრაელის მხარესაც. ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელის ჯარისკაცების რაოდენობამ, 28-ს მიაღწია. დღეს, რამდენიმე მათგანი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დანაკარგების მიუხედავად, "ცახალი" გაჩერებას არ აპირებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ. "ალ ჯაზირას" მომაცემინოთ, ღაზისკენ ჩრდილოეთიდან ორ სვეტად მოძრაობენ ჯავშანტექნიკა და მექანიზებული ქვედანაყოფები დაახლოებით 6 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე. ისრაელის არმიის მეორე კოლონა კი, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრივ გადაადგილდება.

თავის მხრივ, "ჰამასი" განაგრძობს ისრაელზე თავდასხმას. საჰაერო განგაშის ხმა ახლაც ისმის ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. მეორე ფრონტს კი ისრაელს ისევ "ჰეზბოლა" უხსნის, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათეულობით რაკეტას უშვებს.
ოფიციალურ ისრაელში ამბობენ, რომ მათ ინტერესში ჰეზბოლასთან ომი არ არის, მაგრამ თუ "ჰეზბოლა" შეცდომას დაუშვებს, ისრაელი მზადაა მათთან ომისთვის. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ გაიხსნას მესამე ფრონტიც. ამჯერად სირიიდან.

ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო მსჯელობს მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვერსიაზე, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სანამ მსოფლიო კონფლიქტის დასრულების გზებს ეძებს, ომს შეწირულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

 

დღის ამბები