კანონპროექტს, რომელიც თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტისთვის, ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობის გამო, ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა კომიტეტში დღეს განიხილავენ. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 100-100 ლარია. ცვლილების მიხედვით, ეს თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, 3 000 ლარი ხდება. ოპოზიცია კანონპროექტის აუცილებლობას ვერ ხედავს, უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციები მოქალაქეებს დედაქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.
"დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ქალაქებში მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია, გაბარიტული ტრანსპორტისთვის გადადგილების გარკვეული შეზღუდვები მოძრაობის განტვირთვასა და გადაადგილების გამარტივებას ისახავს მიზნად", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.