09 ივლისი 2024,   01:17
ვრცლად
ფრონტის მთელ ხაზზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაშია გადაჭიმული, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 80 შეტაკება მოხდა

რუსულ ოკუპაციას ყოველდღიურად გრძნობს რუსეთის მეზობელი უკრაინა, რომელიც უკვე 626 დღეა ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის მთელ ხაზზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაშია გადაჭიმული, 80 შეტაკება მოხდა. ოკუპანტების ყველაზე მაღალი აქტივობა დონეცკის ოლქშია - მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით. რუსული ძალები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ.

ოკუპანტებს ასეთი მცდელობა ჰქონდათ ბახმუტშიც, თუმცა დღეს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში ვითარება შეცვლილია. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს.

რუსეთი აქტიურად იყენებს სამხედრო ავიაციას. პარალელურად, ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით, სადაც, გასული 24 საათის განმავლობაში, 200-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 50-მდე სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწყობებს 10-ჯერ დაარტყა.

ქალაქ ხერსონის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი წლისთავზე, ოკუპანტებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს. რუსული ძალების მიერ დაბომბილია ხერსონის ცენტრალური ნაწილი. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. დაჭრილები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ბოლო კვირებში, რუსეთმა პირველად იერიში კიევზე მიიტანა - ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. რუსულმა ძალებმა კიევის ტერიტორიაზე ისკანდერის ტიპის რაკეტები 11 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე გაუშვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი რაკეტა კიევთან ახლოს ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად, 10-მდე სახლია დაზიანებული. კიევისკენ გაშვებული რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს.

დღის ამბები