26 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ისევ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე დაიწყო საუბარი - რას პასუხობენ ოპონენტებს მმართველ პარტიაში

დემოკრატიული პლურალიზმი, მრავალპარტიულობა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება - ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო ბარიერის შემცირება, სწორედ ამ საკითხებს მოაგვარებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პატარა პარტიებს, რომლებსაც 5%-ზე ნაკლები ამომრჩეველი ყავს, პარლამენტში მოხვედრის შანსი უნდა ჰქონდეს.

ოპონენტებს საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, 1%-იანი პროპორციული სისტემით ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ წინა არჩევნებზე გაერთიანების შანსი ვერ გამოიყენა და შესაბამისად 5 პროცენტიანი ბარიერი ადეკვატურია, მისი დაწევის მოთხოვნა კი - შეუსაბამო.

ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც ბარიერის შემცირების მოთხოვნის ნაცვლად, არჩევნებისთვის მოქმედი სისტემის ფორმატში ემზადებიან. "გირჩში", სადაც ბუნებრივი ბარიერის მომხრეები არიან, ამბობენ, რომ ახლანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ბარიერის დაწევის მოთხოვნას აზრი არ აქვს. 5%-ის დასაძლევად მზადყოფნას გამოთქვამენ პარტია "საქართველოსთვის" წევრებიც.

ოპოზიციის მიერ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის "გაცოცხლება", როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, შემთხვევით არ მომხდარა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციას სტატუსთან დაკავშირებით რევოლუციური სცენარის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლის გეგმა ჩაუვარდა. ახლა კი, არჩევნებში დამარცხების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და თავის გადარჩენას ამ ფორმით ცდილობენ.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით ჩატარდება. 

დღის ამბები