19 სექტემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ომის 43-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ამტკიცებს, რომ "ჰამასის" გვირაბები "ალ შიფასა" და სხვა საავადმყოფოების ქვეშ იყო განთავსებული

ათობით ხელყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და ცეცხლსასროლი იარაღი - "ალ-შიფას" ტერიტორიაზე ოპერაციის მესამე დღეს ისრაელის არმიამ "ჰამასის" საბრძოლო მასალის კიდევ ერთ სამალავს მიაკვლია. ნაპოვნია ავტომობილიც, რომლითაც ტერორისტებმა 7 ოქტომბერს სამოქალაქო პირები გაიტაცეს. კლინიკის სიახლოვეს ერთ-ერთი მძევლის, იეჰუდით ვაისის ცხედარი აღმოაჩინეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს შახტაც. ის, "ცაჰალის" ინფორმაციით, "ჰამასის" გვირაბების სისტემასთან არის დაკავშირებული. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაცია სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მისი ინფრასტრუქტურის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად "ჰამასი" საბრძოლო მასალის საწყობად საცხოვრებელი სახლების გამოყენებასაც უარყოფს. საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ ისრაელელ ჯარისკაცებს. ბეით-ხანუნში ჩატარებული რეიდის დროს, ჭურვები საბავშვო ოთახში, არასრულწლოვანის ლოგინში აღმოაჩინეს. ათობით ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღი და ფეთქებადი მოწყობილობებია ამოღებული საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას.

ომის 43-ე დღეს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა არ იკლებს. საჰაერო მხარდაჭერით "ცაჰალი" სახმელეთო ოპერაციას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე ატარებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიკავეს "ისლამური ჯიჰადის" ჩრდილოეთის საყრდენი პუნქტი.

შეტაკებებისას ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი, განადგურებულია "ჰამასის" იარღის ერთ-ერთი საწარმო. ოპერაცია ჩატარდა ღაზის ერთ-ერთ სკოლაში. რომელსაც, ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავს ტერორისტები აფარებდნენ.

ომში მყოფ ქვეყანას კი დაპირებული ვიზიტით ჯოზეფ ბორელი ესტუმრა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმ კიბუცებში იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" წარმომადგენლები დაესხნენ თავს. ბორელმა ისრაელს ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. მაგრამ, აღნიშნა ისიც, რომ ისრაელის მოსახლეობასთან ერთად დაუშვებელია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც.

დღის ამბები