საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს. რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ოქტომბერში მოაწერეს ხელი.
ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაუწიოს ექსპერტული დახმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებაც.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში ქართულ-უნგრულ სამართლებრივი ფორუმი ჩატარდება.
მისივე თქმით, უნგრეთი საქართველოს ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში დაეხმარება.
" მქონდა საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან, რომლის ფარგლებში საფუძველი ჩავუყარეთ ქართულ-უნგრულ სამართლებრივი ფორუმის ტრადიციას. პირველ ფორუმი თბილისში 2024 წლის აპრილში ჩატარდება. უნგრული მხარე, ასევე გაგვიწევს ქმედით დახმარებას ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უნგრეთის იუსტიციის მინისტრის, ბენცე ტუჟონის განცხადებით,უნგრეთი არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
"უნგრეთი არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში იქნება მიღებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გადაწყვეტილება იყოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული სხვა საკითხებთან, ვინაიდან საქართველომ უკვე შეასრულა წევრობის კანდიდატისთვის საჭირო პირობები. ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ასევე, შევეხეთ სხვა სფეროებსაც. ვინაიდან ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, სწორედ ამიტომ ჩვენი მიწის რეგისტრაციის სისტემა გავაცანით იუსტიციის მინისტრს. ეს პროგრამა მომავალ წელს ამოქმედდება. ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას. დღევანდელი შეხვედრა იყო საქართველოში ჩვენი წინა შეხვედრის ლოგიკური გაგრძელება", - განაცხადა ბენცე ტუჟონიმ.