09 ივლისი 2024,   03:14
ვრცლად
4-დღიანი ზავი და საკუთარ სახლებში დაბრუნებული ტყვეები - რამდენი ადამიანი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს უახლოეს დღეებში

დროებითი ზავის ხელშესახები შედეგები - 49-დღიანი ტყვეობიდან "ჰამასმა" მძევალთა ნაწილი უკვე გაათავისუფლა, ნაწილი კი თავისუფლების მოლოდინშია.

9 წლის ოჰადი, დედასთან და ბებიასთან ერთად, სწორედ ამ ხნის განმავლობაში იყო “ჰამასის” ტყვე - დღეს უკვე სახლშია. ოჯახში, რომლის ერთიანობასაც მხოლოდ ბაბუა აკლია. 78 წლის ავრაჰამი, რომელიც ჯერ კიდევ მძევლად რჩება. ოჯახის წევრებმა იგი გათავისუფლებულთა კადრებში ვერ ნახეს, თუმცა იმედს არ კარგავენ.

ოჰადის მსგავსად, თავისუფალია კიდევ 3 პატარა, რომლებიც სამშვიდობოს მოხვედრისთანავე ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელები არიან. ოჯახის წევრებთან შეხვედრა ემოციური გამოდგა. მათთან ერთად იყვნენ ქალები და მოხუცები, იმ 13 ადამიანიდან, რომლებიც "ჰამასმა", შეთანხმების საფუძველზე, ღაზიდან გამოუშვა.

ტყვეების გათავისუფლების კადრები პირადად “ჰამასმა” გაავრცელა, სადაც მზრუნველი გამტაცებლის როლში მოგვევლინა. ამან არ იმუშავა, რადგან 7 ოქტომბრის სასაკლაო არავის დავიწყებია და არც აპირებენ დაივიწყონ. ისრაელმა არაერთხელ თქვა, რომ დროებითი ზავის ამოწურვისთანავე გააგრძელებს სამხედრო ამოცანების შესრულებას. ეს ქვეყნის მთავარმა პირმაც დაადასტურა.

პარალელური შეთანხმების თანახმად, გათავისუფლდა 10 ტაილანდელი და 1 ფილიპინელი ტყვეც, რომლებიც ტერორისტებმა კიბუცებიდან გაიტაცეს. 20 მათგანი ჯერ კიდევ მძევალია. ძირითადი შეთანხმება კი 13 ისრაელელის 39 პალესტინელ პატიმარზე გაცვლას გულისხმობდა. საუბარია იმ ქალებსა და არასრულწლოვანებზე, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა არეულობის დროს იყვნენ დაკავებულnი და ისრაელის საპატიმროებში იხდიდნენ სასჯელს. მეორე ტალღაში 42 ასეთი პატიმარი მოხვდება, 14 ისრაელელის სანაცვლოდ.

ამ ყველაფერში მთავარი როლი აშშ-ის ძალისხმევამ ითამაშა, ყატარისა და ეგვიპტის აქტიურობით. ცეცხლის შეწყვეტის ზავის ამოქმედებიდან მეორე დღეს კაიროში ამბობენ, რომ აქვთ პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ცეცხლი კიდევ ერთი-ორი დღით არ განახლდეს. ეს კი, სავარაუდოდ, დამატებითი ტყვეების გათავისუფლებას უნდა გულისხმობდეს, რადგან პირობის თანახმად, ყოველ დამატებით 10 ტყვეზე, ისრაელი მზადაა ღაზის დაბომბვა მორიგი 24 საათით შეწყვიტოს. ჯამში, შეთანხმება 50 მძევლის 150 პატიმარზე გაცვლას გულისხმობს.

ცეცხლის შეწყვეტისთანავე, ღაზაში დარჩენილებმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. საუბარია 139 ათასი ლიტრ საწვავზე და 137 სატვირთო მანქანაზე, რომელიც მედიკამენტებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებითაა სავსე.

დღის ამბები