21 დეკემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა, ვინც იყო საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნისა და პარტიაში მწვავე დაპირისპირების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს აფართოებს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 4 საათის შემდეგ, ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც მანიფესტს უერთდება და ვინც შესაბამისად იქნება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ლევან ხაბეიშვილმა მოკლე ბრიფინგზე მხოლოდ შეთავაზება გააჟღერა და თქვა, რომ ის, ვინც მანიფესტს ხელს მოაწერს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრად დარჩება.

როგორც ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა, ვინც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს, იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს ადამიანები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე კონკრეტული ინიციატივით დღეს, 16:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, "გამარჯვების კოალიციის" ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე მედიის წინაშე გამოჩნდა, თუმცა მთავარი კითხვები ისევ უპასუხოდ დატოვა. ლევან ხაბეიშვილი არ პასუხობს, მისი გადადგომის მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში დაწყებულ გამოსვლებს და არის თუ არა ნიკა მელია ოფიციალურად გარიცხული პარტიიდან.

დღის ამბები