24 ნოემბერი 2026,   14:41
ვრცლად
ზაზა ლომინაძე: ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

"მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები,  დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული სუროგაციის აკრძალვის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

ზაზა ლომინაძის თქმით, სუროგაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველად 1997 წელს მიიღო და ამ გზით პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა.

მან სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი 26 დაწესებულებაა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ სერვისით საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი სარგებლობს. მისი თქმით, სუროგაციის სერვისით, უმეტესწილად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ.

"სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვს შეადგენს. ასევე საყურადღებოა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა - თუ 2019 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 404 ბავშვს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რაოდენობა 3000-ს უახლოვდება. სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგსა და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი (ხელშეკრულების ხელმომწერი პირი) უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. ამჟამად სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

მისი თქმით, ეთიკური საკითხებიდან გამომდინარე, სუროგაცია ევროპის უმეტეს ნაწილში და ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. რამდენიმე ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის განსაზღვრული სუროგაციასთან დაკავშირებით. 

"არსებობს გაერო-ს ანგარიში, სადაც სუროგაციის ყველა ფორმის  -  როგორც კომერციული, ასევე ალტრუისტულის შესახებ გაფრთხილებაა. საუბარია, რომ სუროგაციამ ბავშვის გაყიდვის ფორმა მიიღო. ასევე საყურადღებოა "კასაბლანკას დეკლარაციის" ექსპერტთა ჯგუფის მიმართვა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფისადმი, სადაც საუბარია სუროგაციის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სუროგაციის პრაქტიკის სრულ აკრძალვაზე. რჩება შთაბეჭდილება და ალბათ ასეც არის - ქვეყანაში სუროგაცია აკრძალული რომ ყოფილიყო და დღეს მის დაშვებაზე ვმსჯელობდეთ, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ახლა სუროგაციის აკრძალვას აკრიტიკებენ, მის დაშვებასაც ასევე გააკრიტიკებდნენ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი". 

"სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა ქალთა ღირსების, ჯანმრთელობის, უფლებებისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა. ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი არის ადამიანი, მისი უფლებები და უსაფრთხოება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დღის ამბები