22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
ვითარება ენმ-ში - ირაკლი ეძგვერაძე ადასტურებს, რომ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მის დასახელებამდე კონსულტაციები კეზერაშვილთან გამართა

ირაკლი ეძგვერაძე ადასტურებს, რომ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მის დასახელებამდე კონსულტაციები კეზერაშვილთან გამართა. ნიკა მელიას უკვე ყოფილი თანამებრძოლი და ყოფილი თავმჯდომარის საარჩევნო შტაბის წევრი, კვიპროსში საიდუმლო ვოიაჟის ბევრ დეტალს არ ამხელს, თუმცა აღიარებს, რომ პარტიული თანამდებობა, ხაბეიშვილის მხარდაჭერისა და პოლიტიკური ფერისცვალების შემდეგ ჩააბარეს.

ირაკლი ეძგვერაძის აღიარება, პარტიაში არაფორმალური მმართველობის მორიგი დადასტურებაა მელიას თანამოაზრეებისთვის. ამბობენ, რომ სწორედ კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენები გახდა მათი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც. არგუმენტები მიუღებელია ხაბეიშვილის ფლანგისთვის, სადაც ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილი პარტიის დამფუძნებელია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში არ ერევა.

ბოლო ორ კვირაში ხაბეიშვილთან თანამშრომლობა პარტიის 1000-ზე მეტმა წევრმა გაწყვიტა. გუნდიდან წასულები ნიკა მელიას პლატფორმას უერთდებიან, რომელიც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის აზრით, ახალ ალიანსს "ლელოსთან" შექმნის. ამ ვარაუდის საფუძველი მათთვის მამუკა ხაზარაძის განცხადება გახდა, სადაც "ლელოს" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს პარტნიორად განიხილავს.

"სრულად დეგრადირებული პარტია" - ასე აფასებენ მმართველი გუნდის წევრები "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებას. უმრავლესობის ლიდერების თქმით, პარტიას არაფორმალური მმართველები მიზანმიმართულად შლიან.

პარტიის რიგები ბოლო ორ კვირაში ასობით წევრმა დატოვა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კი დუმს. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი მედიასთან არ გამოჩენილა.

 

დღის ამბები