06 ივლისი 2024,   00:58
ვრცლად
რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა - ძებნის სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება

რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. ის დინებამ გაიტაცა და ამ დრომდე დაკარგულია, ქართველი მეზღვაურის ძებნის სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება. ინფორმაცია "რუსთავი  2-ს" საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დაუდასტურა. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს", – აცხადებენ  საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

დღის ამბები