16 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება - ირაკლი ღარიბაშვილი

პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი.

"ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, მეგობრებო, ბოლო 11 წელიწადში არაერთი პროგრამა დავნერგეთ და განვახორციელეთ, რომელიც ახლაც გრძელდება. მე გავიხსენებდი პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც შეიქმნა 2014 წელს. დღემდე სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება.

ასევე მინდა შევეხო მიკრო-და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას. ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი,  9 000-ზე მეტი ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43%  ქალი მეწარმეა. წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1,140 პროექტი, მათი 50% ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა შეადგენს 116 მილიონ  ლარს.

ჩვენ ასევე დავიწყეთ სრულიად ახალ სექტორებზე მუშაობა, უმსხვილესი კომპანიების მოზიდვით ქვეყანაში შეიქმნა ორი ახალი მიმართულება - ეს არის IT მიმართულება და ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ე.წ.  BPO. დღეს ეს მიმართულებები საქართველოში ათი ათასობით ადამიანს ასაქმებს.

ბოლო წლებში ქვეყანაში დაიწყეს ოპერირება მსოფლიოს წამყვანმა ცნობილმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix-ი, Indorama, Teleperformanc-ი და სხვა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები