"არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,"- ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის პრეტენზიასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გიორგი ვაშაძეს NDI-ს კვლევის მიმართ აქვს.
მიქანაძე ოპოზიციონერი ლიდერის ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს.
"ის კვლევები, რომელიც მათ უწერს რეიტინგის თვალსაზრისით არარსებულ ციფრებს, ეს მათთვის მისაღებია, ხოლო ის კვლევები, რომელიც უწერს ისეთ მონაცემებს, რომელიც ბარიერის გადალახვის კითხვის ნიშანსაც აყენებს, ეს მათთვის მიუღებელია. რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათთან დაკავშირებული პირები, რეალურად, ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის.
NDI-ს კვლევა რომ რეალობისგან აცდენილია მმართველ პარტიასთან მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" და მის შენაერთებს, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე კლებულობს, გამომდინარე იმ შიდა დაპირისპირებიდან, არასერიოზულობიდან და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების აცდენიდან,"-აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ NDI-ს ბოლო კვლევა არასწორადაა ჩატარებული და რეალობას არ ასახავს.