სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი გაიხსნა. გუდაურში საზეიმო ღონისძიებას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
გუდაური ახალ სეზონს ორი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო ტრასით ხვდება. გუდაურთან ერთად, ვიზიტორების მისაღებად უკვე ყველაფერი მზად არის ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაშიც.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კურორტების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კი ყველაფერი კეთდება.
"არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მთის კურორტების განვითარება იმისთვის, რომ მეტი გვქონდეს სასრიალო, სპორტული არეალები, მეტი მიზიდულობა შევქმნათ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი დაინტერესებული პირი, ტურისტი და მათი გამოცდილება იყოს სასიამოვნო და პოზიტიური, რომ ჩვენი კურორტების რეპუტაცია წლიდან-წლამდე იზრდებოდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე ინტერესი იზრდება.
"2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. გვაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი ისევე, როგორ 40 კილომეტრზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა, რაც დამატებით სტიმულს აძლევს კურორტების განვითარებას.
მოხარულები ვართ, რომ მთავრობის პოლიტიკის კვალდაკვალ და მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც გვაქვს კერძო სექტორთან, ვხედავთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე და კონკრეტულად გუდაურში მზარდი ინვესტიციები ბიზნესი, მზარდია ინვესტიციები განთავსების ობიექტებზე. სასიხარულოა, რომ 2200-ზე მეტი განთავსების ობიექტია დღეს გუდაურში, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება განთავსების ობიექტები, იზრდება დასაქმების შესაძლებლობა მაღალმთიან რეგიონებში და ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას სამთო-სათხილამურო კურორტებზე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.