ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა, ფანჩატური 2-ს წარმოადგენს და არასერიოზულია, როდესაც ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს რეალობის განცდა და შეგრძნება იმისა, თუ როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, დაკარგული აქვს.
"გასაგებია, რომ მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორეს მხრივ კი ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური, ეს ფანჩატურია სიმბოლო," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. "ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი," - განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.