16 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
"ოპოზიციაში ბევრი მავნებელია, ყველაზე დიდი დემოკრატიის ტესტი ამ ქვეყანას წინ ელოდება" - რა შეფასებები კეთდება ოპოზიციაში "ხალხის ძალის" განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა "ხალხის ძალის" განცხადებაა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.

თემაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ქართულ ოპოზიციაში ბევრი მავნებელია, თუმცა, მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდი ახლა პრიორიტეტად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გახსნის სწრაფად დაწყებას მიიჩნევს.

"ოპოზიციაში ბევრი მავნებელია და მე არ მინდა ამ მავნებლების ჯამური აფილირება. ჩვენ, ჩვენი პარტიის სახელით, თითქმის 2 თვეა ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შექმნას სამუშაო ფორმატები. პირველი პრიორიტეტი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, ახლა შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება. ყველაზე დიდი დემოკრატიის ტესტი ამ ქვეყანას წინ ელოდება. ეს არის 2024-ის არჩევნები. ამ ტესტს ან ჩააბარებს "ქართული ოცნება" ან არ ჩააბარებს, გადალახავს წითელ ხაზებს და მიიღებს საკადრის პასუხს საქართველოს მოსახლეობისგან," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

თავის მხრივ შეფასებები კეთდება "ლელოში". ირაკლი კუპრაძის თქმით, მსგავსი ტიპის კრიტიკას, მისი პარტია საკუთარ თავზე არ იღებს. მისივე თქმით, "ლელომ" ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

დღის ამბები