16 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"ლელო", როგორც ალტერნატიული ოპოზიციური ძალა - როგორ აფასებენ პარტიის ამბიციებს პოლიტიკურ სპექტრში

პარტია "ლელო" ალტერნატიულ ოპოზიციურ ძალად აცხადებს. "ლელოში" მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა წარსულია", ამიტომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ოპოზიციის გამაერთიანებლის როლის შესრულება.

"ლელოს" პოლიტიკურ ამბიციებსა და განაცხადს მმართველ პარტიაში არასერიოზულად მიიჩნევენ. მამუკა ხაზარაძეს პრეტენზია აქვს, რომ ე.წ. შუა შეკრიბოს და ოპოზიციურ ველზე მთავარ მოთამაშედ იქცეს. "ქართულ ოცნებაში" ხაზარაძეს დღეს მარკეტინგული მეთოდები დაუწუნეს და ურჩიეს, რომ რესურსები რეალური პოლიტიკური დისკურსის შექმნისკენ მიმართოს რადგან, მათი თქმით, "ლელომ" პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ლიდერის რიტორიკა დღეს პარტიის სხვა წევრებმაც გაიმეორეს. "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ოპოზიციური სპექტრის მთავარ შემაფერხებლად "ნაციონალური მოძრაობა" ღიად დაასახელა. ირაკლი კუპრაძის აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს აბინძურებს.

"ლელოს" ამბიციებს გადაჭარბებულს უწოდებენ ხაზარაძის გუნდის კრიტიკის მთავარ ობიექტში. "ნაცმოძრაობა" და მისი საარჩევნო პარტნიორი "სტრატეგია აღმაშენებელი" აქცენტს "ლელოს" დაბალ რეიტინგზე აკეთებენ, ხაზარაძეს კი ურჩევენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნისგან თავი შეიკავოს.

უსუფაშვილი, სამადაშვილი, კაციტაძე, ჩიხრაძე - ეს "ლელოს" პოლიტსაბჭოს ის არასრული სიაა, ვისი ახალ სახეებად მონათვლის გამოც დღეს მამუკა ხაზარაძე კოლეგა პარტიებიდანაც გააკრიტიკეს. "გირჩი" მამუკა ხაზარაძეს უშანსო პოლიტიკურ ინვესტიციებს უწუნებს და მას ჯერ საარჩევნო ბარიერის გადალახვას ურჩევს.

"ლელოს" ერთადერთი მიღწევა მისი დაშლა იქნება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, ყოფილ ბიზნესმენს პოლიტიკური პროექტი წარუმატებელი გამოუვიდა და არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება.

"ლელომ" ყრილობა რამდენიმე დღის წინ გამართა. პოლიტიკურ ძალას 20-კაციანი განახლებული პოლიტსაბჭო ჰყავს, სადაც ადგილებს, ძირითადად, პარტიის ძველი სახეები იკავებენ.

დღის ამბები