მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ შეკვეთილ სტატიებში, რომლის მიზანიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის ხელშეშლა იყო, მილიონობით დოლარი დახარჯა. უმრავლესობა მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს სააკაშვილის წერილობით ინტერვიუს ერთ-ერთ მედიასთან, სადაც ის ამტკიცებს, რომ სტატუსისთვის ბევრი იბრძოლა და ევროპის წამყვან პრესაში უამრავი სტატია გამოაქვეყნა.
28 თებერვალი გამოცემა "ნიუ იორკ სანი" აქვეყნებს სტატიას სათაურით "დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება".
7 აპრილი, გამოცემა პოლიტიკო, სათაური - "მე ვარ პოლიტპატიმარი და მე ვკვდები".
ეს იმ შეკვეთილი სტატიების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლის ჰედლაინებიც თითქმის იდენტურია. იდენტურია შინაარსიც, რომ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის პატიმრობის პირობები მძიმეა, მოწამლულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის განთავისუფლებას იურიდიული კომპანია "აკერმანი" ლობირებს. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტებს ხელს სააკაშვილის დედა - გიული ალასანია აწერს. სოლიდურია გადახდილი თანხაც - მილიონ დოლარამდე. ოფიციალური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ლობისტური საქმიანობა შეკვეთილი სამედიცინო დასკვნების, უცხოელი ადვოკატებისთვის გადახდილი თანხის გარდა, მოიცავდა პიარ კამპანიას საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
"ფარას" გვერდზე ატვირთული 28 გვერდიანი დოკუმენტით ისიც ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანია "აკერმანს" უნდა უზრუნველყო ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის მომზადება, სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეყვანა და ამერიკელი სენატორების დარწმუნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესებულიყო. ლობისტურ კომპანიებს "გლობალ პოინთსა" და მედია კომპანია "სიჟენ პიარ ნიუსვაიერს" ევალებოდა მედიასთან ურთიერთობა და საერთაშორისო პრესის ფურცლებზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგანგაშო ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნის იმიჯის დაზიანება.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ სააკაშვილი კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერ სტატიებს მუდმივად აქვეყნებდა, თუმცა ვერცერთმა ვერ შეძლო კონკრეტული სტატიის და გამოქვეყნების თარიღის დასახელება, რომლის ავტორიც ექსპრეზიდენტი იყო.
სააკაშვილის ავტორობით კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი სტატიები არც სხვა ოპოზიციის წევრებს ახსოვთ. უფრო მეტიც, ყოფილი პრეზიდენტის პარტნიორ პარტია "სტრატეგია აღმაშენებელში" დღეს ისიც თქვეს, რომ დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს საერთოდ არ ეცნობიან.
უტიფრობას უწოდებენ მმართველ გუნდში სააკაშვილის განცხადებას და ამბობენ, რომ სწორედ ექსპრეზიდენტი იყო ის, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებდა და მილიონიან პიარ-კამპანიას აწარმოებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, ოჯახმა სოლიდური კონტრაქტი რამდენიმე ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა. საერთაშორისო მედიაში ექსპრეზიდენტის თემის აქტუალიზაციისთვის კონტრაქტორებს ანაზღაურებაც რამდენჯერმე გაეზარდათ.