05 ივლისი 2024,   22:28
ვრცლად
კოლორადოს შემდეგ, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

კოლორადოს შემდეგ მეინი მეორე შტატი გახდა, რომელიც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას უკრძალავს. გადაწყვეტილება, ყოფილი პრეზიდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ შტატის დემოკრატმა სახელმწიფო მდივანმა, შენა ბელოუსმა მიიღო. მიზეზი 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ყოფილი პრეზიდენტის როლია.

მეინის შტატის სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 ჩასწორებას დაეყრდნო, რომლის მესამე პუნქტი განმარტავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილე ან დამხმარე პირი თანამდებობას ვერ დაიკავებს. შენა ბელოუსის თქმით, ტრამპმა მისი მომხრეების რეაქციის გასამძაფრებლად, საარჩევნო გაყალბების ცრუ ნარატივი გამოიყენა.

ანალოგური გადაწყვეტილება, 19 დეკემბერს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ტრამპს პარტიის საერთო კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მეინში მიღებულ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვა ამერიკის კონგრესშიც.

ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის კანონიერების თემა არაერთი შტატის სასამართლოებში განიხილებოდა. მეინისგან და კოლორადოსგან განსხვავებით, მინესოტამ დაადგინა, რომ არ არსებობს შტატის კანონი, რომელიც მთავარ პოლიტიკურ პარტიას, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას აუკრძალავს. მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომაც.

ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, შენა ბელოუსი მიკერძოებაშია დადანაშაულებული და ნათქვამია, რომ მეინის შტატის გადაწყვეტილება არჩევნების მოპარვის და ამერიკელებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევის მცდელობაა. ტრამპი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღის ამბები