19 სექტემბერი 2024,   05:07
ვრცლად
ისრაელის ჯარმა ამ დროისთვის ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის სრულად დაიკავა და კონტროლი დაამყარა - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთის ომი ისევ სახიფათო ფაზაშია. დღეს "ჰეზბოლამ" ისრაელის ჩრდილოეთ დასახლებაზე მიიტანა იერიში.

ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება აცხადებს, რომ ისრაელის ნებისმიერ აგრესიას ლიბანის ტერიტორიაზე მათი რეაგირება მოჰყვება. არანაკლებ რთულია ვითარება ღაზაში, სადაც ცაჰალის ბოლო იერიშებს 150 ადამიანი ემსხვერპლა. "ჰამასი" ირწმუნება, რომ მთელი ომის განმავლობაში ისრაელის არმიამ ანკლავში უკვე 400 მეჩეთი დაანგრია.

ღაზას სამხრეთი ნაწილი ხან იუნისი, ერთ-ერთი ბოლო მიწისქვეშა გვირაბია, რომელიც ისრაელის სამხედრო ძალების სამხედროებმა აღმოაჩინეს და გაწმინდეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ობიექტია, სადაც "ჰამასი" მძევლებს მალავდა. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკვე 100-ზე მეტი ასეთი გვირაბია აღმოჩენილი, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათ შორის საწყობებად, სამალავებად და საბრძოლო მანევრებისთვის გამოიყენებოდა.

ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი ისრაელის ჯარმა ამ დროისთვის თითქმის სრულად დაიკავა და კონტროლი დაამყარა. ახლა ყველაზე ცხელი ზონა სამხრეთია, სადაც რთული ამოცანებია შესასრულებელი. დეტალები დღეს გენერალური შტაბის უფროსმა მეთაურებთან და სამხედროებთან ერთად საველე შტაბში განიხილა.

სამხედრო ოპერაციას თან ახლავს ყოველდღიური მსხვერპლი. ბოლო იერიშების შედეგად ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში 147 ადამიანი დაიღუპა და 243 დაშავდა. მძიმე შედეგების ფონზე სულ უფრო მატულობს კრიტიკა ისრაელის ხელისუფლების მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად "ჰამასის" სრულად განეიტრალებამდე ოპერაციის შეჩერება არ განიხილება. ბოლო განცხადებაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიდგომაზეც ისაუბრა.

ისრაელს საკუთარი ამოცანები აქვს შესასრულებელი და მის გადახედვას არ აპირებს, თუმცა მათი შეფასებით, ლეგიტიმური ქმედებების შედეგს შესაძლოა გენოციდის კვალიფიკაცია მიეცეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შეტანილი შესაბამისი სარჩელის განხილვა ჰააგის სასამართლომ უკვე დაიწყო. თუ სასამართლო მომჩივნის პოზიციას გაიზიარებს, ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს. ჰააგაში დღეს მოსარჩელის პოზიცია უკვე მოისმინეს - ხვალ სიტყვით ისრაელი ისარგებლებს.

სასამართლო დავის და აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურების მცდელობას არ წყვეტენ მაღალი რანგის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც კონფლიქტს პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებიან. რეგიონში მორიგ ჯერზე მართავს პოლიტიკურ ტურნეს შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ბოლო შეხვედრა მან ეგვიპტის პრეზიდენტთან გამართა. ბლინკენმა კაიროში ჩაიტანა გზავნილი, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის განმუხტვაზეა ორიენტირებული. ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრამდე მან მოლაპარაკებები პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან გამართა. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა, მძევლების გათავისუფლება იყო. ღაზაში ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე 136 მძევალი რჩება, რომლებიც "ჰამასმა" 7 ოქტომბერს დაატყვევა.

დღის ამბები