01 ივლისი 2024,   16:07
ვრცლად
სანდრო გეგეჭკორი სოლო კონცერტისთვის ემზადება - 23 წლის ქართველ პიანისტს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში კარგად იცნობენ, ახლა კი მსმენელს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ელოდება

სანდრო გეგეჭკორი 2024 წელს პირველი სოლო კონცერტისთვის ემზადება. ახალგაზრდა პიანისტისთვის დღეს ბოლო რეპეტიციაა, ხვალ კი ქართველ მსმენელს შეხვდება.

საფორტეპიანო კონცერტზე ის ბეთჰოვენის 6 ბაგატელი და ლისტის საფორტეპიანო სონატას შეასრულებს. კლასიკური მუსიკის მსმენელს კონცერტის დასასრულს სიურპრიზიც ელოდება.

სანდრო გეგეჭკორს თვალს დარბაზიდან მისი პედაგოგი, პროფესორი საშა გაბერი ადევნებს. ამსტერდამი, ვენა, ნიუ-იორკი - მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში 23 წლის ქართველ პიანისტს უკვე კარგად იცნობენ. ამ წლების განმავლობაში სანდროს გვერდით, პროდიუსერი და მისი მეგობარი თეო ჯორბენაძეა. მისი და ხელოვანთა გაერთიანება "კონცეპტ Art"-ის სურვილით, პიანისტი ქართველ მსმენელს კვლავ შეხვდება.

ახალგაზრდა თაობის პიანისტი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში მართავს. მარია კალასის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, სანდრო გრან პრისა და 17 პრიზის მფლობელი გახდა.

ახლა კი, მსმენელის აპლოდისმენტებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ელოდება. რამდენიმე დღეში კი ნიუ-იორკში დაბრუნდება და სწავლას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ, ჯულიარდის სკოლაში განაგრძობს.

დღის ამბები