გიორგი გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას უმადურად და მოღალატედ მოიხსენიებს.
„გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს. იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და რენომე ფაქტობრივად, ნულის დონეზეა დასული, შეეცადოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამოწვევით ისევ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი შეძლოს. მისი პროვოკაციული განცხადებებიც აქედან არის ნაკარნახევი“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.