16 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის - პაატა მანჯგალაძე ფაშინიანის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც ის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა და რომელშიც აღნიშნა, რომ არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის ”სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა არ არის.

"მაღალი თანამდებობის პირებს შორის, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ., არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ჩამოდის და პრეზიდენტს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. რომც სცოდნოდა, რა შეიცვლებოდა, არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ეტიკეტი და პროტოკოლია, რომ უნდა აცნობო პრეზიდენტს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეფასება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამაც.

"სალომე ზურაბიშვილი მუდმივად აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებებით. ამასობაში, არ იყენებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და არ იწყალებს პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს იმედგაცრუებებზე საუბარი და გადავიდეს ქმედებებზე," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

დღის ამბები