16 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
თვითონ ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით - მიხეილ სარჯველაძე ფაშინიანის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის პრეტენზია გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ მას არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს.

"ქართულ ოცნებაში" ზურაბიშვილს პროტოკოლის წესებს ახსენებენ. აცხადებენ, რომ ეს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა იყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ და სადაც მთავრობის წევრები მონაწილეობენ. ყველაფერი კი დადგენილი წესითა და პროტოკოლის თანახმად წარიმართა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ლოგიკურია, როდესაც ის ცდილობს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს.

"თვითონ ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ ის აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ან ამ ვიზიტთან დაკავშირებით და იცის ასევე ისიც, რომ, რეალურად, ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა რაიმეს, თორემ ისე გასაგებია, რომ ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რომელიც იხილა საზოგადოებამ და არ ვიცი, მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა ყველაფერი ეს, მე მგონი, თავადაც ამასთან დაკავშირებით არაფერი აქვს სათქმელი. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიიყვანა ყველაფერი, მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყება. მას შემდეგ, რაც ეს იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდა, ფორმალურად არა შედეგიანად, მაგრამ შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, ეს იყო შედეგის მომტანი და მე პირადად, აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ყველაფერი დადგენილი წესისა და სამთავრობო პროტოკოლის თანახმად შედგა.

"ეს გახლდათ მორიგი საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა. ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები და მონაწილეობენ მთავრობის წევრები. შესაბამისად, ყველაფერი მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად," - ამბობს ბექა ოდიშარია.

 

დღის ამბები