01 ივლისი 2024,   14:51
ვრცლად
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს

თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე ტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მეორე დღეა, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული სახის ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

ამ დროისთვის თოვა შეწყდა, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვები ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შედარებით უსაფრთხო არ გახდება.

თელავი-ვაზიანი-გომბორის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავიანი და მაღალი განმავლობის მქონე ავტომობილისთვისაა დასაშვები. შუამთის მონასტრის ტერიტორიიდან  დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება აკრძალულია. თბილისის მიმართულებით გადაადგილება ალტერნატიული გზით, გურჯაანი-ბაკურციხე-საგარეჯოს ცენტრალური მაგისტრალით არის შესაძლებელი. 

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, პლატონ კალმახელიძის თქმით, რეგიონი უხვ ნალექს მომზადებული შეხვდა. 

"კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოვიდა თოვლი ნალექის სახით, შესაბამისად მუნიციპალიტეტები და სამსახურები აღნიშნულს მომზადებულები შეხვდნენ. საჭიროების შემთხვევაში იწმინდებოდა გზები, იშლებოდა ტექნიკური მარილი. რაც შეეხება გზებს, რაიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა არ არის. შეზღუდვა ძირითადად, მხოლოდ, თელავი, ვაზიანი, გომბორის მონაკვეთზეა", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

დღის ამბები