"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან ერთი წლისთავზე, ლევან ხაბეიშვილის მმართველობის ფორმა პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ისევ დაპირისპირების თემაა. პარტიის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ხაბეიშვილის მმართველობის პირობებში მოუწია "ნაციონალური მოძრაობის" ათასობით წევრს პარტიის დატოვება, როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში, რადგან ისინი, მისი მმართველობის ფორმით და პარტიაში არსებული ჩრდილოვანი მმართველობით, უკმაყოფილოები იყვნენ. მათივე თქმით, თავმჯდომარემ ვერც დაპირებები შეასრულა. თავად ხაბეიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს არ გამოხმაურებია.
როგორც უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აცხადებენ, ახლა, პარტიაში ადამიანის რესურსის შემცირებასთან ერთად, საგრძნობლად იკლებს ამ პოლიტიკური ძალის რეიტინგიც და არ გამორიცხავენ, 2024 წლის არჩევნებში ბარიერის საკითხი „ნაციონალურ მოძრაობისთვის“ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„შეიძლება, 5%-იან ბარიერზეც პრობლემა შეიქმნას, რადგან ახალმა მენეჯმენტმა მიაღწია იმას, რომ თითქმის ნახევარზე მეტი ადამიანი წამოვიდა პარტიიდან იმის გამო, რომ შეუძლებელია, ხაბეიშვილისა და ახალი მენეჯმენტის მეთაურობით, შევძლოთ „ქართული ოცნების“ დამარცხება,“ - აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნოდარ დუმბაძე.
პარტიის მოქმედი წევრები კი ამბობენ, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პარტიაში, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ისე - სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან გავძლიერდით. პარტია დაუბრუნდა ხალხს და ორიენტირებული არის ჩვენს მოქალაქეებზე,“ - აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რევაზ ხარაზი.