28 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
დაზარალებული ოჯახები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - სტიქია რეგიონებში

სტიქიამ დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტიც დააზიანა. ხაშურელებს გადასაადგილებლად მათთვის უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება დასჭირდათ. მათ ქალაქში გასაბერი ნავები და ნიჩბები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მდინარის ადიდების შედეგად ქუჩები წყლით აივსო და დაიტბორა.

ხაშურში ამ მდგომაროებაში 200-ზე მეტი ოჯახი აღმოჩნდა. დატბორილია სარდაფები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთებიც.

უხვი ნალექის შედეგად შიდა ქართლში არაერთი მდინარე ადიდდა, რამაც სოფლების დატბორვაც გამოიწვია. რეგიონის მასშტაბით განვითარდა მეწყრული პროცესები. უხვმა ნალექმა დააზიანა ინფრასტრუქტურაც.

სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრია აჭარაც, სადაც ორი დღის განმავლობაში ასობით მეწყრული პროცესი განვითარდა. რამდენიმე წერტილში ჩამოწვა ზვავიც. რეგიონის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან 100-ზე მეტი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. გუშინ მაღალმთიან აჭარაში სტიქიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ჩახერგილია გზები. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტშია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა სვანეთშიც. ზვავი სოფელ ჭაალადში ჩამოწვა. სტიქიის მსხვერპლი არ ჰყავს.

სტიქიის ზონაა რაჭაც. ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი უკვე მეორე დღეა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემაა შექმნილი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ელექტროენერგიის პრობლემაა შექმნილი მცხეთა -მთიანეთშიც. დენი რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი რამდენიმე დასახლება. გზების გაწმენდას კი, ხელს უხვი ნალექი უშლიდა.

ზარალს უკვე ითვლიან სამეგრელოში. რეგიონში ასობით სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია სკოლებისა და ბაღების შენობებიც. რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაწმენდითი სამუშაოები თითქმის ყველგან უკვე დასრულებულია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უხვი ნალექი, ინტენსიური წვიმა და ძლიერი ქარი მეორე დღეა გრძელდება. სპეციალისტები სიტუაციის დასტაბილურებას ხვალიდან ელოდებიან.

დღის ამბები