28 სექტემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო საქართველოს ორ რეგიონში - დაბა სურამიდან 40 ოჯახი გაიყვანეს

სტიქიის ეპიცენტრი დღეს სურამი იყო - სტიქიის შედეგები სურამში მცხოვრებმა ოჯახებმა გამთენიისას, საკუთარი თვალით იხილეს. მეწყრული პროცესები გვიან ღამით მოულოდნელად ე.წ. ზინდისის დასახლებაში განვითარდა. მთიდან წამოსული მასა საცხოვრებელ სახლებსა და ქუჩებში შევიდა. მალევე დაიწყო ევაკუაციაც. მეწყერსაშიში ზონიდან 40 ოჯახი გაასახლეს.

მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა საცხოვრებელ ზონამდე მიაღწია და ადგილობრივების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა გახდა საჭირო.

რთული მდგომაროებაა შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში. ქალაქ ხაშურის გარკვეული ნაწილი ისევ დატბორილია.

უკვე მესამე დღეა რთულია მდგომაროება მაღალმთიან აჭარაში. სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრია ხულო. სოფელ ყინჩაურაში განვითარებულმა მეწყერმა საფრთხე ადგილობრივებს შეუქმნა. მიწის მასა ბოლო სამ დღეში მუნიციპალიტეტის ათობით წერტილში ჩამოიშალა, რის გამოც 40-ზე მეტი ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს 130 ოჯახი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდანაც.

სტიქიის ზონაა იმერეთიც. მთიდან მიწის მასა ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში ჩამოიშალა. გეოლოგების დასკვნის შემდეგ გაირკვევა, თუ რა ღონისძიებების გატარებაა ადგილზე საჭირო. მეწყერი განვითარდა სოფელ რცხილათის დამაკავშირებელ გზაზეც. უხვი ნალექის მიზეზით, სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გაჩნდა, რის გამოც "ჯორჯიან მანგანეზმა" მუშაობა დროებით ოთხ მაღაროში შეაჩერა.

ინტენსიური თოვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა სვანეთშიც. ზვავი რამდენიმე წერტილში ჩამოწვა. რაჭისა და სვანეთის გარკვეულ სოფლებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო სამ დღეში საქართველოში თებერვლის თვის ნორმის დაახლოებით 70 პროცენტის ნალექი მოვიდა.

დღის ამბები