28 სექტემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მსახიობი, რეჟისორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი - 65 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

მსახიობი, რეჟისორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი - 65 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანი 18 წლის იყო, როცა პირველად "ნატვრის ხეში" გამოჩნდა. სოსო ჯაჭვლიანმა გედიას პერსონაჟით თავი თაობებს შეაყვარა. გედიაზე ახლაც საუბრობს ყველა. იმ სიყვარულით სავსე თვალებზე, რომელსაც მარიტა ერთი ნახვით შეუყვარდა.

სოსო ჯაჭვლიანისთვის გედია პირველი პერსონაჟი არ ყოფილა. მანამდე რეზო გაბრიაძის "კავკასიური რომანსში"“ ელბერდის როლი ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ითამაშა. მას შემდეგ იყო გუგული მგელაძის "ფესვები". ახალგაზრდა გიორგის პერსონაჟმა კვლავ აღფრთოვანება დაიმსახურა.

თეთრი ბაირაღები, უძინართა მზე - სოსო ჯაჭვლიანი ათობით ფილმში მონაწილეობს. მათ შორის, ნანა ჯორჯაძის "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რომელიც ერთადერთი ქართული ფილმია, რომელიც ოსკარის ნომინაციაში დასახელდა.

მსახიობი და რეჟისორი - სოსო ჯაჭვლიანმა დასამახსოვრებელ კინოროლებთან ერთად, საკუთარი არაერთი ფილმი შექმნა. მათ შორისაა "სვანი" და "მაიტა ნასოსი".

კინოსთან ერთად სპორტი - ის 1998 წელს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული კი ვეტერანებს შორის 2018 წელს მოიპოვა. სოსო ჯაჭვლიანი საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა.

დასამახსოვრებელი იყო სოსო ჯაჭვლიანის პოლიტიკური ცხოვრებაც. ჯაჭვლიანი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი 5 წელი იყო. დღეს მის ხსოვნას საკანონმდებლო ორგანოში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დღის ამბები