24 თებერვალი 2024,   02:17
ვრცლად
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა.

"ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

დღის ამბები